17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი საქართველოში - სეს-ში აცხადებენ რომ შემოწმება მუდმივ რეჟიმში ხდება 

700 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი - ფინანსური პოლიციის მიერ, გლდანში მდებარე "რიკინის" საამქროდან" გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის ამოღებას, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში ეხმაურებიან. 

სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე გარკვეულ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც პროდუქტს გარედან აწერია, რომ ის დამზადებულია საქონლის ხორცისგან, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევებმა სულ სხვა შედეგი უჩვენეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოწმება ხდება როგორც გეგმიურად ასევე არაგეგმიურად

„გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სურსათზე იყო დაწერილი „დამზადებულია საქონლის ხორცისგან“, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს სურსათი დამზადებული იყო ცხენის ხორცისგან. შარშანაც გვქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა და ერთეული შემთხვევები არის წინა წლებში. ოღონდ, როდესაც კვლევის შედეგად ამოვიდა ვირის დნმ. ოღონდ, ეს არის ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება შემოწმებას, შემოწმება მიმდინარეობს როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად და ხდება შემდგომ ამ გაცემული რეკომენდაციების გადამოწმება,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ფინანსურმა პოლიციამ, გლდანში, „რკინის საამქროდან“ 700 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ პროდუქციაში იყო როგორც ვირის, ასევე ცხენის ხორცი. „რკინის საამქრო“ დღეს დალუქულია.

საგამოძიებო სამსახურმა, შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, ორი პირის ბრალეულობა გამოავლინა. აღნიშნულ პირებს, რეგიონებიდან გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი შემოჰქონდათ. „კურიერის“ ინფორმაციით, ეს რეგიონები კახეთი და სამეგრელოა.

გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები შეძენილ ხორცს თბილისში მდებარე „რკინის საამქროში" ამუშავებდნენ და მის რეალიზებას ბაზრობებზე და კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობებზე, გარკვეული პირები საქონლის ხორცის ნაცვლად, ასაღებდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, რომელიც იკვლებოდა სასაკლაოების გვერდის ავლით და სარეალიზაციო პროდუქტი მომხმარებელს მიეწოდებოდა ყოველგვარი შემოწმების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც, გამოვლინდა დანაშაულის ფაქტზე მხილებულ იქნა ორი პირი. აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება,“ - განაცხადა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიხეილ ონიანმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები