გრუზინსკების სარჩელი მუხრანელების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. სასამართლომ ბაგრატიონებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მეფის წოდება და სამეფო ტახტი საქართველოში აღარ არსებობს.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკი საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა, რომ მისი ყოფილი ქმრისთვის სამეფო ოჯახის სახელის უნებართვო სარგებლობის უფლება ჩამოერთვათ. დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ მხარეებს გამოუცხადა, რომ მათ დავაში იურიდიული ინტერესი ვერ დაინახეს.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ყოფილ ქმრისგან სამოქალაქო წესით ერთად ცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფასაც ითხოვს. ამ საქმეზე გადაწყვეტილება სასმართლოს ჯერ არ მიუღია, თუმცა ქვეყნიდან მოულოდნელად წასული დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი ამბობს, რომ ყველა დავას მისი მარწმუნებელი მოიგებს.
დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით არაერთი ტიტული აქვს გაცემული, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის დედოფალიც დააჯილდოვა. დავის დაწყებიდან მალევე დავით ბაგრატიონ მუხრანელმა იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს სამეფო სახლი“, სამომავლოდ შესაძლოა, ტიტულები ამ ორგანიზაციის ლოგოს ქვეშ გაიცეს.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე დავაზეც დაიკითხა, მისი ჩვენებისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ თანაცხოვრების დროს შესაძლოა, მასზე ფიზიკურად ქმარი ძალადობდა.
დავით ბაგრატიონ მუხრანელს გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია და გამოძიების დაწყებისთანავე მადრიდში გამგზავრების მიზეზად დედის ავადმყოფობა დაასახელა. დიდგვაროვანის დედა ჰოსპიტალიდან უკვე სახლში გაწერეს, ჩამოვა თუ არა დავითი უკან, ჯერჯერობით, უცნობია.