ხელისუფლების მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური და დაგვიანებული იყო - ასე აფასებს სახელმწიფო აუდიტი მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის ხარჯვის მიზნობრიობას. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნით, აზიური ფაროსანას მიყენებული ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ არა ხელისუფლების დაგვიანებული რეაგირება.
აუდიტის სამსახური ამ დასკვნამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემოწმების შემდეგ მივიდა. დოკუმენტიდან დგინდება, რომ ხელისუფლებამ მავნე მწერისგან მოსახლეობის დასაცავად მოქმედებები, მინიმუმ, ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო.
სახელმწიფო აუდიტორები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება პრევენციას 2016 წელსვე მიმართავდა, ხალხი ამდენ ზარალს არ ნახავდა და არც თხილის პლანტაციების გაჩეხვა მოუწევდა. სახელმწიფო აუდიტმა დაადგინა, რომ ხელისუფლების 900 ათას ლარიანი საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ უფრო ადრეული პრევენცია შეუძლებელი იმ მიზეზით იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება არ ფლობდა.
პასუხისმგებელ უწყებაში განმარტავენ, რომ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის სრული ინფორმირება მოსალოდნელი არ იყო. უწყებაში მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან, მოსახლეობის ნაწილის მიერ კი შეწამვლაზე უარი თქმას, ოპოზიციას აბრალებენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მურთაზ ზოდელავამ უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ფაროსანას წინააღმდეგ ხელისუფლების კამპანია კორუფციის წყარო აღმოჩნდა.
ავტორი: ემა გოგოხია