ქართველ კურსანტებს ძალადობაში კადეტთა კვირეულზე საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სამხედრო ქალი ადანაშაულებს.
შემთხვევა 4 აპრილის საღამოს მოხდა, მაშინ, როდესაც თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამხედროები რესტორნიდან დაბრუნდნენ და მათ არავინ აკონტროლებდა.
ამერიკის მოქალაქე სამხედრომ, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარის შესახებ საქართველოში ამერიკის კონსულს აცნობა.
კურიერს წყარო უყვება, რომ საერთაშორისო რიგით მე-5 კვირეულის დასრულება აკადემიის რექტორის, მამია ბალახაძის, გადაწყვეტილებით ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა რესტორანში აღნიშნეს. აკრძალვის მიუხედავად, დალიეს და სავარაუდო ძალადობის ფაქტიც სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
წინასწარ შედგენილ მენიუში ალკოჰოლი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან სამხედროებისთვის ეს აკრძალულია. კურიერის წყარო ყვება, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებმა კადეტებისთვის რესტორანში ალკოჰოლური სასმელი ჩუმად შეიტანეს.
კურიერი შვედეთში ერთ-ერთ კურსანტს დაუკავშირდა, რომელიც ამერიკის მოქალაქეზე ძალადობის საღამოს, კადეტებთან ერთად, რესტორანში იმყოფებოდა. მან დაადასტურა, რომ სუფრაზე სასმელი იყო.
ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, მაგრამ მათ ამბავი დამალეს და საქმის გამოძიებაც კი არ დაუწყიათ.
სატელეფონო საუბრის დროს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კურიერს დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელმა სტუმარმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ძალადობაში ადანაშაულებდა, საქართველო დატოვა და ამის გამო გამოძიება არ დაიწყეს.
ირკვევა, რომ ძალადობაში ამერიკელმა კადეტმა ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მყოფი კურსანტები დაადანაშაულა. საზღვაოს უნივერსიტეტს კი საერთაშორისო კვირეულზე მხოლოდ 2 წარმომადგენელი ჰყავდა. კურიერმა ამბის გადამოწმება ძალადობაში დადანაშაულებულ კურსანტებთან სცადა. ორივე მათგანი რომ საქმის კურსშია, ის გარემოებაც მეტყველებს, რომ კამერის წინ თავის მართლება ისე დაიწყეს, არც უკითხავთ, კონკრეტულად ვინ და რაში ადანაშაულებდა მათ.
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელსაც აკადემიის რექტორი საგულდაგულოდ მალავს, სამხედრო სასწავლებლის დერეფნების კამერების ჩანაწერებია, სადაც ძალადობის სავარაუდო ფაქტი კარგად ჩანს.
მას შემდეგ, რაც ამბის გარკვევა კურიერმა დაიწყო, აკადემიის ხელმძღვანელობამ ყველა თანამშრომელს ამ თემაზე საუბარი და რუსთავი2-თან კომუნიკაცია აუკრძალა.
რატომ დახუჭა თვალი ლევან იზორიამ თავისივე უწყების დაქვემდებარებაში არსებულ აკადემიაში მომხარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, უცნობია. სამხედრო პოლიციამ არც იმის მოკვლევა დაიწყო, როგორ აღმოჩნდნენ ნასვამი ადამიანები სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე და ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე ეზრუნა.