გაფლანგული 2 მილიონი და ერთი წლის წინ ჩაბარებული უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც უკვე ავარიულ მდგომარეობაშია. ქუთაისის მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 2016 წელს ქუთაისის მერიამ ტენდერი ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია „სანო" მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პირობებს კომპანია ვერ აკმაყოფილებდა, ის მაინც გამარჯვებულად გამოცხადდა და ბიუჯეტიდან 4 მილიონ 300 ათასი გადაერიცხა. მაშინ როცა ექსპერტიზის დასკვნით, თავშესაფრის ღირებულება ორი მილიონით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, "სანომ" სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანია "სანოს" მფლობელი არაერთ ბიზნესში მმართველი გუნდის დეპუტატ ნინო წილოსანის პარტნიორია.
"შპს "სანოს" დამფუძნებელი არის ლევან ჭანტურიძე, ლევან ჭანტურიძე კი არის პარლამენტარ ნინო წილოსანის ძალიან ბევრი ბიზნესის პარტნიორი," - აცხადებს მედია პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან ჭანტურიძესთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა ნინო წილოსანი მასთან ბიზნესკავშირს კატეგორიულად უარყოფს.
„მთელ ამ ისტორიაში ერთადერთი სწორი ის არის, რომ ამ კომპანიის დირექტორს ვიცნობ და დანარჩენი არც ლოგიკას შეესაბამება. ჩემი მონაწილეობით, მესმის, რომ უფრო მომხიბვლელია ეს ისტორია, თუმცა არც სიმართლეს შეესაბამება და არც ფაქტებზეა დაყრდნობილი. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევას ან არდარღვევას, დარწმუნებული ვარ, თავად ეს კომპანია და მისი წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას, ან შესაბამის რეაგირებას მოახდენენ, ამიტომ არანაირი დეტალი სხვა ამ თემასთან დაკავშირებით არ ვიცი,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.