ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისის" მშენებლობა შეჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ თავისუფლების მოედანზე მდებარე ობიექტზე დარღვევები აღმოაჩინა. შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლები არღვედნენ სიმაღლეზე მიმდინარე სამუშაოების სტანდარტს.
ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოებს "ჯითიდიეფ სოლუშენი" აწარმოებს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე "ქართუ ბანკის" მისამართზეა რეგისტრირებული.
კომპანიის დირექტორი შალვა მარგალიტაძეა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ტურიზმის განვითარების ფონდია, რომლის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძეა.
ის ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ტოპმენეჯმენტში მუშაობდა. ამ კომპანიის მფლობელია „ფრენქსტონ ინტერნეიშენალი,“ რომელიც პანამაშია რეგისტრირებული.
კურიერი "ჯითიდიეფ სოლუშენის" ოფიციალურ მისამართზე მივიდა, თუმცა აქ, განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. "ქართუ ბანკის" თანამშრომლებმა კი გვითხრეს, რომ ამ კომპანიის შესახებ არც კი გაუგიათ.
"ჯითიდიეფ სოლუშენი" და მისი მფლობელის "ტურიზმის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.
ივანიშვილის კომპანიებში, სადაც მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამი ახლაზრდა სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამ დრომდე არანაირ განმარტებას არ აკეთებენ. ახალგაზრდები 10 მეტრის სიმაღლეზე "პანორამა თბილისის" გარე ფასადს ლესავდნენ, რა დროსაც კალათა მოწყდა და მუშები დაშავდნენ. ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანდა, რომ მუშებს არ ეცვათ სპეცტანსაცმელი და არ ჰქონდათ ჩაფხუტები.