ტაქსის მძღოლების პროტესტს დედაქალაქის მერი ისევ პოლიტიკური ბრალდებებით პასუხობს. მძღოლებს, რომლებიც მერიის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ, კახი კალაძე პოლიტიკურად მართულ ჯგუფს უწოდებს და ამბობს, რომ რეფორმა გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, გარკვეული შეთანხმება ტაქსის მძღოლებთან შედგა. საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც "ბ" კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ტაქსების 2012 წლამდე დაშვებას ეხება.
„შეიძლება რაღაც გარკვეულ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა, მოხდეს შესწორებები, მაგრამ ის დამოკიდებულება და ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო კვირების განმავლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში ნამდვილად არ არის მისაღები. რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. რეფორმის შეფერხებას და გადავადებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენა საჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ, 2020 წლის ბოლო არის, 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენა საჭიანები აიკრძალება,“- განცხადა კალაძემ.
ტაქსის მძღოლები კი, რომლებმაც მერიაში უკვე არაერთი შეხვედრა გამართეს აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეჩერდება და ახალ აქციას 18 აპრილს აანონსებენ.