17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ვენეციის კომისია არის ჩვენი პარტნიორი ორგანო, მის მიმართ ესეთი უდიერი დამოკიდებულება, მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას - ანა დოლიძე 

„მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა სრულიად ფორმალისტური დამოკიდებულება ესეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ" - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას გააკეთა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა. მათი თქმით, კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით და ასევე, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს.

"უამრავი, 10-მდე ძირეული ცვლილებისგან განსხვავებით, თავმჯდომარე აპირებს რომ გაითვალისწინოს ერთი ან ორი. ეს რა თქმა უნდა, დემოკრატიულობას იმ პროცესს ვერ შესძენს, რომელიც წარიმართება. ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგს და უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ვენეციის კომისია არის სერიოზული, საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი ორგანო, მის მიმართ ესეთი უდიერი დამოკიდებულება, მისი დაჩქარება ჯერ და მერე მისი რეკომენდაციების გადაგდება გვერდზე, მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან მხოლოდ ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება საკმარისი არ არის.

„პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამოგლეჯილად, ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება არსებულ ვითარებას და სურათს ვერ შეცვლის, რადგან ისევ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩინჩალაძემ და ამ ადამიანებმა, რომელსაც დღეს აქვს გავლენა სასამართლო სისტემაში, ისევ შეინარჩუნონ თავისი პოზიცია,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები