17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - ლევან ჩიქური კვლავ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

ლევან ჩიქური კვლავ საპროცესო გარიგების გაფორმებას ითხოვს. დღეს მან მომხრეებთან ერთად პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.

ერთი კვირის წინ მან ანალოგიური მოთხოვნით პროკურატურის წინ თავის დაწვაც სცადა.

ჩიქურის უფლებადამცველის ალექსანდრე ზუბიაშვილის განმარტებით, ბრალდებულს პროკურატურის წარმომადგენლები თავდაპირველად საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდნენ, თუმცა ჩიქურის პროტესტის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ რახან შენ ასეთი აქცია მოაწყვეო და ასე ცუდად მოიქეციო აქედან გამომდინარე იმას, რასაც თავიდან გპირდებოდითო ორ წელიწადს რეალურ სასჯელსო, საპროცესო შეთანხმებას რომ გპირდებოდითო, ამიტომ იმ ორ წელიწადსაც აღარ გაგიკეთებთო და ამიტომ ბოლომდე დაისჯებიო და სასამართლომ გადაწყვიტოს თუ რა სასჯელს მოგცემსო. 4 და 7 წლამდე ითვალისწინებს აღნიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 177 მუხლის მე 3 ნაწილით,“- აცხადებს ზუბიაშვილი.

ჩიქურს ბრალად ქურდობა ედება. მან ქირურგ ივა კუზანოვის აგარაკიდან ტელევიზორი მოიპარა. ლევან ჩიქური აგარაკზე გამწვანებით სამუშაოებს ატარებდა. მოგვიანებით მან დანაშაული აღიარა და მოპარული ნივთი უკან დააბრუნა.

დღის ამბები