საუდელი დები 28 წლის მაჰა ალ სუბაი და მისი 25 წლის და ვაფა დახმარებას ითხოვენ. ისინი საკუთარი სამშობლოდან ოჯახის ზეწოლასა და და ჩაგვრას გამოექცნენ და საქართველოში უვიზო რეჟიმის წყალობით საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს. დებმა სოციალურ ქსელს twitter-ში რამდენიმე საათის წინ ვიდეოც გაავრცელეს, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს დახმარებას სთხოვენ. გოგონებს პასპორტები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუდის არაბეთის მთავრობამ გაუუქმა, მათ კი ახლა საქართველოდან სხვა ქვეყანაში თავშესაფრის საძიებლად გადასვლა უსაბუთოდ აღარ შეუძლიათ.
საუდელი დების უფლებებს საქართველში ერთ- ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გოგონების ადგილსამყოფელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გეგმები გასაიდუმლოებულია. დები ამბობენ, რომ თბილისში უკვე ჩამოვიდნენ მათი მამა და ძმა, რომლებიც მაჰა და ვაფა ალ სუბაიებს სამშობლოში დაბრუნებას აიძულებენ. გოგონებს ეშინიათ, რომ საუდის არაბეთში მათი უსაფრთხოება დაცული არ იქნება.
გოგონებს ამ დრომდე შსს-სთვის არ მოუმართავთ. არადა ამ პროცედურის გარეშე საქართველოს მთავრობა მათთვის თავშესაფრის მოძიებას, ან სხვა უფრო უსაფრთხო ქვეყნაში გადაყვანის შესახებ პროცედურებს ვერ დაიწყებს.
სამშობლოდან ჩაგვრისა და დევნის გამო გამოქცეული დების საქმეში უკვე ჩაერთო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.
დაიბრუნებენ, თუ არა საუდელი დები კუთვნილ საბუთებს, ამის შესახებ კონსულტაციები სავარაუდოდ, საუდის არაბეთის საელჩოსთან უნდა დაიწყოს, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. მანამდე კი მაჰა და ვაფა ელ საუბიეს დამცველები სტრატეგიას შეიმუშავებენ, რომ დადგინდეს- რა სჯობს დების უსაფრთხოებისთვის საქართველოში დარჩენა, სადაც მათი ძმა და მამაც უპრობლემოდ ჩამოვლენ, თუ თავშესაფარი მესამე ქვეყანაში მოიპოვონ.