"სიკვდილის ჰესი" - ასე უწოდებენ პანკისელები ჰესს, რომლის მშენებლობის პროტესტს დღეს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივების მიმართ ძალის გამოყენება მოჰყვა. ვითარება პანკისის ხეობაში დილიდან დაძაბული იყო.
"პანკისის ხეობაში შეწყდეს სიკვდილის ჰესების აშენება"- აცხადებენ ადგილობრივები.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები თელავში შს მინისტრთან და სამხარეო პოლიციის უფროსთან მოლაპარაკებაზე წასულ პირებს ელოდებიან, თუმცა აქვე აფიქსირებენ რომ მოსახლეობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
"პანკისის მოსახლეობის 90%-ს არ უნდა აშენდეს დამატებითი ჰესი. ეს არის ჩაბუდებული ვეშაპი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
პანკისელები განმარტავენ, რომ ხელისუფლება მათ გარკვეულ შეღავათებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჰპირდებოდა ჰესის აშენების სანაცვლოდ, თუმცა ისინი ამ პირობებზე არ თანხმდებიან. მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივების გადაბირების მცდელობა არაერთხელ დაფიქსირდა.