17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"რომ არა ძალის დემონსტრირება, რომ არა სპეცრაზმი, მშვიდობიანად ჩაივლიდა აქცია" - პანკისის ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა 

უმძიმესი დაპირისპირებისა და შეტაკებების შემდეგ, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში სიმშვიდეა. თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ამავდროულად მოსახლეობა მზად არის მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს პროცესი კი, როგორც თავად აცხადებენ, არ გამორიცხავს მათ მიერ პოზიციების დათმობას.

„დარწმუნებული ვარ მეც და ხეობის თითოეული მოქალაქეც, რომ არა ძალის დემონსტრირება, რომ არა სპეცრაზმი, პოლიციის მობილიზება, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ეს აქცია. ჩვენ არ ვართ არანაირი ძალადობის მომხრე. პირიქით, ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის ვართ მზად,“-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ისტამ გორგიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მთავრობას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი გაცილებით ადრე უნდა გამოეყენებინა.

„სპეცოპერაცია შეიძლება ითქვას, რომ იყო სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ჩვენთვის ბუნდოვანია, რატომ არ დაელოდა არ დაელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების ამოწურვას სამინისტრო. ნამდვილად აქვს ხეობასთან დემოკრატიული კომუნიკაციის პრობლემა ხელისუფლებას, როგორც ჩანს შს მინისტრს, არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია ხეობაში არსებული უკმაყოფილებების შესახებ,“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო. სავარაუდოდ დღეიდან დაიწყება ადგილობრივების გამოკითხვა.

დღის ამბები