17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"სპეცრაზმმა წამიგდო წიხლქვეშ და თვითონ მანდ იდგა საბანაძეც" - პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს დაშავებული მომხდარს იხსენებს

„სპეცრაზმმა წამიგდო წიხლქვეშ და თვითონ მანდ იდგა საბანაძეც,“ - ეს განცხადება, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულმა, დათო იქაიძემ გააკეთა. იქაიძეს დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის თქმით, დაშავებულს დღის ბოლოს გაწერენ.

დათო იქაიძე მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მას სპეცრაზმის თანამშრომლებმა დამიზნებით ესროლეს. რეზინიის ტყვიის მოხვედრის შემდეგ წაიქცა, რა დროსაც სპეცრაზმმა გაათრია. იქაიძე ირწმუნება, რომ  სამართალდამცველები მას შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის თანდასწრებით უსწორდებოდნენ. 

უჭერია (იარაღი) პირდაპირ ჩემკენ მოშვერილი, მაგას ეგონა, რომ გავჩერდებოდი, არ გავჩერდი, წავედი პირდაპირ. ორი სამი ნაბიჯი გადავდგი და წავიქეცი, რომ წავიქეცი, გამათრიეს ამათ თავიანთკენ, ამასობაში, მერე იქიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ რომ დამიყვირა - რა გინდათო, რომ შევხედე საბანაძე იყო. ამასობაში სპეცრაზმმა წამიგდო წიხლქვეშ და თვითონ მანდ იდგა საბანაძეც,“ - განაცხადა დაშავებულმა.

პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ ხეობაში. მოსახლეობა გუშინ დილიდან ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა.

დაპირისპირების დროს დაშავდნენ პანკისელები და სამართალდამცავები. ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი - პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო. 

დღის ამბები