პანკისის ხეობის უხუცესები ხელისუფლებას პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები საქართველოს მთავრობისთვის მაგალითი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პანკისელებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
უხუცესთა საბჭოს წევრი, ზელიმხან წუწაშვილი გუშინ, შს მინისტრთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მან მინისტრს პანკისელებთან დიალოგისკენ მოუწოდა.
„არ ვიცოდით, ჩვენ ასეთი სიტუაცია თუ მოხდებოდა. სიტუაცია ძალიან დამძიმდა გუშინ, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რაც შემოვიდა სპეცრაზმი. ხალხი გაბრაზდა, ეს ხალხი კიდევ ისეთი ხალხია, ამათი დაშინება ძალიან ძნელია. სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს ძალიან. მოგვიხსენით პრობლემა, არავის აქამდე არ მოუხსნია პრობლემა და ბოლოს და ბოლოს თავის თავზე აიღეს ჰესის მშენებლობა, ჩვენ გამოვიყვანთ წყალს, ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ რომ ვიყავით თბილისში შეხვედრაზე, იქაც ვთქვი, მინისტრი იყო ჩვენთან, მე ვუთხარი კიდეც ჩვენ 20 კაცით ეს არ გადაწყდება, გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ხეობა, ჩამობრძანდით, მოიწვიეთ ხალხი, უთხარით, აუხსენით და ამით დამთავრდეს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.
ხელისუფლებას ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის გამო აკრიტიკებს უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი. ის ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებლებზე სპეცრაზმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.
„მე როგორ ვუყურებ ამ საკითხს, საერთოდ სპეცრაზმის შემოყვანა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო. იმიტომ, რომ პანკისელებში და პირადად ჩემშიც ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, ეს სპეცრაზმი,“ - ამბობს ხანგოშვილი.
ხანგოშვილი ჰესის მშენებელობაზე საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჰესი აშენდება, ამისგან სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა ნახოს.
„პანკისის ხეობაში ორი ჰესი აშენებულია, დამატებით ჰესი არასასურველია, ყოველი ჩარევა ბუნებაში თავისთავად ცხადია გამოიწვევს ეკოლოგიურ არასასიამოვნო ფაქტებს, მაგრამ თუ სახელმწიფო მაინც იმდენად დაინტერესებულია, რომ ეს საერთო ჩვენს ელექტროფიკაციაში ჯდება და ამდენად ეს აუცილებლობას, მაინც გააკეთებენ, ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ვნახოთ ფირმისგან. მე მაგალითად, ძალიან მძიმედ განვიცადე ის რამდენადაც, ორივე მხრიდანაც არ იყო ლამაზი, როდესაც შეიძლებოდა დიალოგით და ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, წამოვიდა ასეთი დაპირისპირება,“ - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
ამ წუთებში კი პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ ბირკიანშია შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მსჯელობენ.
პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ ხეობაში. მოსახლეობა გუშინ დილიდან ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა.
დაპირისპირების დროს დაშავდნენ პანკისელები და სამართალდამცავები. ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი - პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.