17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
სკანდალური კადრები პანკისიდან - კამერებმა კახეთის პოლიციის მაღალჩინოსანი დააფიქსირეს, რომელიც მოსახლეობას რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესვროდა

სკანდალური კადრები პანკისიდან - ვიდეომასალაში კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ჩანს. კამერებმა დააფიქსირეს თუ როგორ გამოართვა გივი ბჟალავამ სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთ წევრს იარაღი და მოსახლეობის მისამართი რეზინის ტყვიების სროლა დამიზნებით დაიწყო. ეს ქმედება კი კანონდარღვევაა. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლის მიერ სპეცრაზმელის აღჭურვილობის გამოყენება ან იმ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმი წარმართავს, აკრძალულია და უფლებამოსილების გადამეტებად ითვლება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ამ ქმედებაში ორმაგი დანაშაული იკვეთება. სხვისი იარაღის გამოყენება, რაც თავისთავად კანონდარღვევაა და რთულ სპეცოპერაციაში ჩარევა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

განსხვავებულად ფიქრობს, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ სხვისი იარაღის გამოყენება მხოლოდ შიდა განაწესის საკითხია და აცხადებს, რომ  ამ კუთხით ძალოვანი უწყების წესებს არ იცნობს.

ოპოზიციას ვინც ეს კადრები ნახა, დარჩა განცდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი პანკისელების წინაშე ძალის დამონსტრირებას ახდენდა და ნიღბიანი სპეცეკიპირებით აღჭურვილი სპეცრაზმელების წინ რეზინის ტყვიებს თავად ისროდა. "ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატი და შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე მოკვლევა უნდა დაიწყო.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა განზრახ დაარღვია და თავადაც იცის, რომ ამის გამო არავინ დასჯის. გივი ბჟალავა, ოპოზციის ლიდერების გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს, მათ შორისაა დავით კირკიტაძის დაკავება ველისციხის ინციდენტის გამო. მაშინ ბჟალავა ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკეს იჩენდა.

დღის ამბები