„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ჩემი შვილები დაეცვათ ჟურნალისტების ჩარევისგან და ყველა სხვა ადამიანისგან,“ - ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის სასამართლო სხდომა დახურულია. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რის საფუძვლადაც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა. შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.
იულია სუსლიაკის თქმით, ის თავიდანვე ითხოვდა, რომ მისი შვილები ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანებისგან დაეცვა.
„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან, ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების, უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით,“ - განაცხადა იულია სუსლიაკმა.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, დაახლოეებით, სამი საათია, მსჯელობს.
შსს-ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.