პარიზში ვითარება ისევ დაძაბულია - აქციის მონაწილეებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გადასახადების შემცირებას და სოციალურ თანასწორობას ითხოვენ, სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.
ცოტა ხნის წინ პოლიციამ კიდევ ერთხელ, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების დროს ასობით ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან ექიმებიც.
ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი ძლიერი შეტაკება მოხდა.
ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა დაპირისპირების ეპიცენტრში აფეთქებების ხმა ისმის.
პარიზში მსვლელობა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონით იყვნენ შემოსაზღვრული და ასე მიემართებოდნენ იტალიის მოედნისკენ, თუმცა გარკვეულ მომენტში, მათ კორდონის გარღვევა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ასევე არიან დაშავებულები.