„ლეიბორისტული პარტია“ შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებას ითხოვს. მათ პარლამენტის წინ ფოტო მასალა გამოფინეს, რომელიც გარდაცვლილი მუშების საბედისწერო წუთებს ასახავს.
პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ინიციატივა შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებების შეტანას არა 1 სექტემბრიდან, არამედ უფრო ადრე, 15 მაისიდან გულისხმობს.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა მხოლოდ ფორმალობაა, რასაც მშენებლობებზე მუშების გარდაცვალების შემთხვევების სიხშირე მოწმობს.
„პარლამენტი გადაქცეულია დამკრძალავ ბიუროდ. პირველი მაისია, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, განიხილონ კანონპროექტი, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 1 სექტემბრამდე კიდევ ათობით ადამიანი არ შეიწირონ და ამოქმედება, თუნდაც იმ არასრულფასოვანი ცვლილებების კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ინსპექტორებისთვის რეალური უფლებამოსილების მინიჭებას, დაიწყოს 15 მაისიდან და არა 1 სექტემბრიდან,“- აცხადებს ჩხარტიშვილი.