პანკისის მცხოვრებლები პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხეობელების თქმით, მათ ილია მეორეს სთხოვეს, რომ მთავრობას მიმართოს შუამდგომლობით, რათა პანკისელები არ დააკავონ. მათი განცხადებით, პატრიარქმა განუმარტა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა.
პანკისის მცხოვრებლების განცხადებით, პატრიარქმა მისცა მათ კურთხევა, დაწერონ წერილი და ის თანახმაა, რომ ხეობის მცხოვრებლებმა ის მთავრობას გაუგზავნონ.
„პატრიარქის პასუხი იყო ასეთი - ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ჩვენ, პანკისში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებმაც წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულება, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრიდან, ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყნის შვილები,“ - განაცხადა ორგანიზაცია „მშვიდობის ალამის“ დამფუძნებელმა, თემურ ცათაშვილმა.
ხეობელების თქმით, პატრიარქის რჩევებს გაითვალისწინებენ.
„პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, ჩვენ შორის მსგავსი რამე მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე,“ - განაცხადა სათემო კავშირის ”პანკისის კეთილდღეობისთვის” ხელმძღვანელმა, ნონა ხანგოშვილმა.
პანკისი უკვე 10 დღეა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ხეობელები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ადგილობრივებს ბრალს წაუყენებს და დაკავების სერიას დაიწყებს, ეს სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს. იმ შემთხვევაში თუ პასუხისგებაში ერთ პირს მაინც მისცემენ, მზად არიან, რომ ყველა პოლიციას ჩაბარდეს.