პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მაია სტეფნაძე ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.
მოგვიანებით ის პარლამენტთან გამართულ აქციასაც შეუერთდა და იქაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. სტეფნაძის თქმით, ამის შემდეგ ის ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან სწორედ ხელისუფლების კრიტიკისა და პირადი მოსაზრებების გამო უშვებდა.
მაია სტეფნაძემ "კურიერთან" საუბარისას აღნიშნა, რომ დანაშაულია, როდესაც მედია ჟურნალისტის თავისუფლებას ეხება.
„დირექტორმა პირდაპირ ამიხსნა, რომ პოსტი, რომელიც მე დავდე 21 აპრილს პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, გახდა ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი. დღეს საქართველოში არ არის იმის დრო, რომ ჩემნაირ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს არ გვქონდეს იმის უფლება, რომ რაც გვინდა, ის დავწეროთ Facebook-ზე, ან რაც გვინდა, ის ვთქვათ. აბა რატომ ვიომეთ 30 წელი. ორჯერ უფრო დიდი დანაშაულია, როდესაც შენ ეხები ჟურნალისტის თავისუფლებას. ეს საფრთხე როდესაც არის ამ ქვეყანაში, ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოვიდა, დრო როდესაც მე ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. თუ მე დავარღვიე ტელეკომპანია „იმედის“ კორპორატიული ინტერესი, მე მაპატიეთ, მაგრამ ისინი არღვევენ ჟურნალისტის დაუწერელ და ყველაზე მთავარ ოქროს წესს, რომ იყონ ობიექტურები,“ - განაცხადა მაია სტეფნაძემ.