17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
აქცია სამეგრელოში - სოფელ ჭკადუას მოსახლეობამ ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუას მოსახლეობამ ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ამ გზით აქციის მონაწილეებმა სოფელში არსებული მძიმე ვითარება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, სოფელში გაუსაძლისი პირობებია, მოუწესრიგებელი გზის გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში ასვლას ვერ ახერხებს, მოსწავლეების ავტომანქანით სკოლაში გადაყვანა შეუძლებელია.

სოფელ ჭკადუას მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ სოფელში გზის დაგება დაიწყეს, თუმცა მხოლოდ ერთი კილომეტრის ასფალტის საფარის დაგება მოხერხდა, არჩევნების დასრულების შემდეგ კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.

გზის პრობლემასთან ერთად აქციის მონაწილეები უსახსრობასაც უჩივიან. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.

ადგილობრივების განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, ჯერ კიდევ 2013 წელს სოფელში ბუნებრივი აირის და წყლის შეყვანა დაიწყეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეწყდა სოფლის განვითარების პროგრამა ეს საკითხებიც მოუგვარებელი დარჩა.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არაერთხელ  მიმართეს, თუმცა მათ თხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეები იძულების წესით ცენტრალური მაგისტრალიდან გადაიყვანეს.

დღის ამბები