17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში - მეუფე იობი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 18-ვე ტაძარში ერთდროულად საჩვენებელი წირვა-ლოცვა აღევლინა. სასულიერო პირების მრავალრიცხოვანი დელეგაცია იქ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის თაოსნობით ჩავიდა.

გადაწყვეტილება კი სამღვდელოებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ისტორიული კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა თვითნებურად დაიკავეს.

სასულიერო პირების მისვლისთანავე აზერბაიჯანულ მხარეს ვერტმფრენები გამოჩნდა.

მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში აღნიშნა, რომ თუკი აზერბაიჯანული მხარე არასწორი პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, შესაძლოა, საქმე რელიგიურ კონფლიქტამდეც მივიდეს. მისი თქმით, ეს არ იქნება ხანმოკლე და ის იქნება მუდმივი კონფლიქტი.

მან სასულიერო პირებს კონკრეტული ქმედებების გადადგმისკენ მოუწოდა.

„დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს გვართმევენ. წართმევა უნდათ, მაგრამ გააზრებულიც კი არ აქვთ, რას აკეთებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე.

„ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს. საქართველოსია ის, მაგრამ აქ დავით გარეჯას არანაირი პრობლემა არ ექმნება, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე, აქ საუბარია მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი,“ - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი).

შეგახსენებთ, რომ გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილს ამ დრომდე ისევ მეზობელი ქვეყნის სამხედროები აკონტროლებენ.

 

დღის ამბები