გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩეველთან შეხვედრას აგრძელებს. გუშინდელ შეხვედრებში სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტიც.
მიხეილ სააკაშვილმა 19 მაისის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას გადამწყვეტი უწოდა. მისი თქმით, ეს გარდამტეხი მომენტია, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე მთელი ქვეყნის განვითარებისთვის.
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაზიკას პროექტის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ასი ათასამდე ადამიანის დასაქმება მოხერხდება. რულოვსმა ასევე, დევნილების და მათი საცხოვრებელი პირობების პრობლემაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქალების ჯანმრთელობის საკითხსაც.
„უამრავი პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში. ვიწყებთ ზუგდიდიდან და მერე უკვე საპარლამენტო არჩევნებიც იქნება და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვება. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას. ასევე, დევნილების პრობლემებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ, იმიტომ, რომ მე ძალიან შეშფოთებული ვარ მათი საცხოვრებელი პირობებით და ასევე, ქალების პრობლემა გამოვყავი ცალკე, იმიტომ, რომ თუ ის ავად ხდება, მაშინ ოჯახის ხერხემალი ზიანდება და ბავშვის და მეუღლეც და მშობლებიც იტანჯებიან და ამიტომ, ქალმა უნდა გამოჰყოს თავისთვის დრო, რომ იმკურნალოს, რომ ადგილზევე სქრინინგი გააკეთოს, ადგილზევე იმკურნალოს,"- განაცხადა რულოვსმა.