"წითელი ბარათი პრეზიდენტს!" - ამ მოწოდებით და დიდი წითელი ბარათებით საკანონმდებლო ორგანოში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები მივიდნენ და ამ ფორმით სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები გააპროტესტეს.
მოძრაობის წევრების თქმით, საზოგადოებამ წითელი ბარათი უნდა უჩვენოს და პოლიტიკური მოედნიდან გააძევოს პრეზიდენტი, რომელიც იმეორებს კრემლის რიტორიკას და ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მის პარტნიორებთან.
პროტესტი მიუღებელი აღმოჩნდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, რასაც მდინარაძესა და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრების შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„განსხვავებული აზრი, პოლიტიკური სუბიექტური ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მთავარს - სახელმწიფო ინტერესებს და ისეთი თემების აწევს მცდელობა არ უნდა ჰქონდეს ადგილი რომელიც დამაზიანებელია ქვეყნისთვის. მე შევეცადე ამეხსნა ამ ადამიანებისთვის,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის დეპუტატის განცხადებები კი მიუღებელი აღმოჩნდა აქციის მონაწილეებისთვის. სამოქალაქო მოძრაობის ”რუსეთი ოკუპანტია” დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ მამუკა მდინარაძემ "მოსყიდულები" უწოდა.
„ეს წითელი ბარათი იქნება ასევე პარლამენტის წევრებისთვის, რომლებმაც უთავმოყვარეოდ აირჩიეს უთავმოყვარეო ქალი, რომელიც არის ერთი ერთში პუტინის ნარატივის გამზიარებელი. მამუკა მდინარაძემ დაგვცინა და შეცდომილები გვიწოდა და მოსყიდულები. და შეცდომილი და მოსყიდული არის ბიძინა ივანიშვილისგან რა, ის რაღაც დამცინავი ირონია მოქალაქეებთან ნამდვილად არ გაუვათ იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადავიდნენ იმ პრეზიდენტიანად რომელიც აირჩიეს და ის ანტისახელწმიფოებრივი განწყობები, რომელსაც ჰქმნის სალომე ზურაბიშვილი და ვითომ "ქართული ოცნება" დღეს სალომე ზურაბიშვილთან არაფერ კავშირში არ არის, პასუხი აგოს უმრავლესობამ. როგორც აირჩია, ისე დააყენოს იმპიჩმენტის საკითხი. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა მოქალაქეებს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეუქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემას,“-განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.