17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - საქართველოს საპატრიარქო მეუფე იობის განცხადებას გაემიჯნა 

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, სადაც უდაბნოში არსებულ ტაძრამდე მისასვლელ გზას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, საპატრიარქო ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე ემიჯნება სასულიერო პირების იმ განცხადებებს, რომლებიც სხვა სარწმუნოების შეურაცხმყოფელია ან ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გამწვავებას ემსახურება.

„ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სკანდალური განცხადება მეუფე იობმა ქადაგებისას გააკეთა. წმინდა სინოდის წევრმა, მწვავე გზავნილების გასახმოვანებლად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და აღდგომის ტაძრის ამბიონი აირჩია. 

მწვავე ქადაგებით მეუფე იობმა მრევლს დავით გარეჯის აღდგომის ტაძარიდან მიმართა. დილიდან წმინდა სინოდის წევრი რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდლებთან ერთად ტაძარში სალოცავად ჩავიდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ეპისკოპოსი ასეთი რადიკალური იქნებოდა და მეზობელ აზერბაიჯანს პირდაპირ დაემუქრებოდა.

მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

დღის ამბები