ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქუთაისის “ეშმაკის ბორბალსა" და საბაგიროში 20-მდე არასრულწლოვანი და კიდევ 5 მოქალაქე გაიჭედა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ მაშველებმა მექანიზმი ხელით აამუშავეს და მოქალაქეები გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს; საბაგირო მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა; შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა; სამაშველო ოპერაციაში ქუთაისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მონაწილეობდნენ,“- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე ავარია სრულად ლიკვიდირებულია მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.