თუშეთში შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩაიშალოს - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სახიფათო გზა ჩახერგილია. ომალოსა და კესალოს ციხექალაქში საოჯახო ტიპის სასტუმროები უკვე დაჯავშნილია, თუმცა თუში მასპინძლები შიშობენ, რომ შეკვეთების გაუქმება მოუწევთ, რადგან უგზოობის გამო, ტურისტები დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავლენ.
სწორედ ამ პრობლემის გამო თუში მეცხვარეები შესაძლოა, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ალვანიდან ომალოსკენ ცხვრისა და საქონლის გადარეკვა ამ დრომდე არ დაუწყიათ, შარშან ამ დროს კი ფარა უკვე აბანოს უღელტეხილზე იყო.
გზის გაწმენდის მოთხოვნით თუშები სოფელ ალვანში შეიკრიბნენ. აქციაზე ახმეტის მერი მივიდა, რომელმაც გზის გაწმენდაზე სრული პასუხისმგებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს დააკისრა.
თუში სპეციალისტები ამბობენ, რომ არასწორად გაწმენდილი გზა მეწყრულ პროცესებს ხელს კიდევ უფრო უწყობს. 72 კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან მხოლოდ მესამედია გაწმენდილი. სამუშაოებს შპს „გერალი“ ახორციელებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ტენდერით მიღებული ფული აღარ დარჩათ და სამუშაოებს ვერ დაასრულებენ.
გზების დეპარტამენტმა კი ახალი ტენდერი გამოაცხადა და ახალი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც სამუშაოებს ჯერ ვერ იწყებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზის 25-ე კილომეტრი დღის ბოლომდე გაიწმინდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი