მეტრო "სარაჯიშვილზე" მოძრაობა განახლდა. „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ მოძრაობის შეფერხება მეტროში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
გარდაცვლილის ამოყვანა მაშველებმა ცხედრის რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ახალგაზრდა კაცი მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადაწყვეტილი ჰქონდა.
„მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ქალბატონი როგორც ამბობს, ჩავარდა ადამიანი, დაინახა. დაიწყო პანიკა, მემანქანე გამოვიდა და გვითხრა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია და ჩვენც დავტოვეთ ტერიტორია. საშინელი ქაოსი შეიქმნა,“ - ამბობს ტრაგედიის დროს მეტროში მყოფი მოქალაქე.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ კი მეტრომ მუშაობა განაახლა.
„იმ დროს, როდესაც მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, ჩავარდა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნული გამომდინარე, თბილისის მეტრო მუშაობდა ზონალურად, ანუ მატარებლები მოძრაობდნენ „ვარკეთილიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა,“ - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა, თამაზ რობაქიძემ.