17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ჩემი ძმიშვილისთვის უსვრია, მერე ჩემი ძმის ცოლისთვის, მერე შვილისთვის და მერე შვილის ცოლისთვის - ყანდაურელები სასტიკი მკვლელობის დეტალებს იხსენებენ

საზარელი მკვლელობა სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ მოკლა მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი, დაჭრილია მკვლელობაში ბრალდებულის ცოლიც. მეზობლები კი ამბობენ, რომ ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა, მან ნათესავებს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ სთხოვა მასთან სახლში მისულიყვნენ, რადგან მეუღლე შეუძლოდ იყო. 

მას შემდეგ რაც მეზობლები დასახმარებლად მივიდნენ, 85 წლის მამაკაცმა მათ ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ კი საკუთარ შვილს ესროლა, ბოლოს კი რძალი მოკლა. 

„მოკლულები არიან ჩემი ძმისცოლი და ძმისშვილი, მაგრამ დეტალებში რა მოხდა, საშველად დაუძახია ამ კაცს, მკვლელს, რომ მოგვხედეთო. ესენი გაქცეულან, მერე როგორც ვიცი, ცოტა ხანში ჩემი ძმისშვილი დაუცია, არ ვიცი, რა იარაღი ჰქონდა, მერე ჩემი ძმის ცოლისთვის, მერე შვილისთვის და მერე შვილის ცოლისთვის,“ - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ადგილობრივების თქმით, 85 წლის მამაკაცის მეუღლეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 85 წლის მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის დროს ორი იარაღი გამოიყენა.

ბრალდებულის რძლის დედა, ლილი სოლოღნიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კონფლიქტურია.

„სულ ჩხუბი ჰქონდათ მამას და შვილს, მერე წამოვიდნენ თავიანთთვის მაღლა ცხოვრობდნენ, შერიგდნენ და ამ დილას ძროხები რომ ამოურეკია, შესულა ამათ სანახავად, რამ მოუარათ, არ ვიცი. მე დამირეკეს მოწამლულიაო, რა მოწამლული, თურმე დახოცა იარაღით. სულ გადამტერებული ჰყავდა ჩემს შვილს. ის კაცი ძალიან მოურიგებელი კაცი იყო, სულ ეჩხუბებოდათ... გვიან მოვედი და დახოცილები გარეთ ეყარნენ. სანამ მოკლავდა ლელას დაუყვირია, გვიშველეთო. ბიძაშვილები არიან, ამოსულან და ისინიც დაუხოცია,“ - ამბობს გარდაცვლილის დედა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ბერიკაშვილის განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის იარაღებიც

„შემთხვევის ადგილზე ვახორციელებთ გამოძიებას, დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. დამნაშავე პირი დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა ზურაბ ბერიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები