ტელეკომპანია „იმედიდან“ პროდიუსერის გათავისუფლების საქმეს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. ნინო ლომჯარია მაია სტეფნაძეს ხვდება და მაია სტეფნაძისგან მომხდარის დეტალებს პირადად მოისმენს.
ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი პროდიუსერის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს. მაია სტეფნაძე სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებს.
სტეფნაძის მტკიცებით, სამსახურიდან საკუთარი კრიტიკული აზრის ხმამაღლა დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს.
„არა მარტო სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება შემიზღუდეს, აქ ყველაზე მთავარი არის, რომ ორმაგი დანაშაულია ჩემი თვალსაზრისით. როცა მედია წარმომადგენელს ულახავ შენ და უზღუდავ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ამ შემთხვევაში, მას სჯი იმით, რომ აგდებ სამსახურიდან. ეს რა თქმა უნდა, უკვე ჩემი გადმოსახედიდან რეჟიმის დასაწყისია ხომ? და მე, ამიტომ გადავაქციე ჩემი პირადი საქმე სამოქალაქო საქმედ. თუ ეს გაუვიდა, მაია სტეფნაძე გამოაგდეს სამსახურიდან, მე რომ ხმა არ ამომეღო, მაშინ ხვალ გამოაგდებდნენ ანა წერეთელს, ზეგ გამოაგდებდნენ ვიღაცას. ეს უკვე აღარ არის 21-ე საუკუნე. მინდა, რომ ეს გახდეს პრეცედენტი, რომ ადამიანები, რომლებიც თავის თავს დაიცავენ, ეს ადამიანები ხელს უწყობენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო დემოკრატიული,“ - განაცხადა მაია სტეფნაძემ.