ახალგაზრდა ქალი პოლიციელებს მოძალადეების მფარველობაში ადანაშაულებს. თეკო მიქაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას იმ სამართალდამცველების დასჯა სთხოვა, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტებს სათანადოდ არ იძიებდნენ.
22 წლის გოგო ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლე წლებია უკვე, რაც სცემს და ამის გამო, პოლიციას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა, მისი თქმით, ყოფილი პოლიციელი მამამთილის თხოვნის გამო, სამართალდამცველებმა ეფექტური რეაგირება არ მოახდინეს.
ძალადობის გამო მსხვერპლი მეუღლეს გაშორდა, თუმცა, თავდასხმების სერია ამის მიუხედავად არ შეწყდა, ამიტომ მან დახმარება საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს უკვე საჯაროდ სთხოვა.
ბოლო ფაქტზე გამოძიება უკვე იმერეთის სამხარეო სამმართველომ დაიწყო. დაკითხულია 10-მდე მოწმე. დედა-შვილს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ყოფილი ქმრისა და მისი ოჯახისგან იზოლაციისთვის კი სამართალდამცველებმა 5 შემაკავებელი ორდერი გასცეს.
ცდილობდნენ თუ არა ვანის პოლიციის თანამშრომლები ქალზე ძალადობის საქმის ჩაფარცხვას, ამის გარკვევა შს სამინისტროს გენინსპექციამ დღის ბოლო დაიწყო.
გენერალური ინსპექცია საქმეში 22 წლის გოგოს საჯარო განცხადების შემდეგ ჩაერთო.