კილომეტრიანი რიგები საქართველო-რუსეთის საზღვართან - მესამე დღეა, რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველები, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამეს ქუჩაში ათენებენ. საზღვარზე ჩარჩენილებმა არ იციან, რატომ არ უშვებენ მათ რუსი მესაზღვრეები საქართველოში.
ზემო ლარსზე შექმნილი ვითარების ამსახველი პირველი ვიდეომასალაც უკმაყოფილო მძღოლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, მრავალკილომეტრიანი საცობი სოფელ ჩმიდან იწყება. მანძილი კი დასახლებიდან ზემო ლარსამდე 10 კილომეტრი და 200 მეტრია.
საცობში ღამენათევ ხალხს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევს, რომ საკვები და წყალი მოიპოვოს. საქართველოში ჩამოსვლის მსურველები ყველა გზას მიმართავენ, რათა საზღვარზე გადმოვიდნენ. მათი ნაწილი საგუშაგოსთან ფეხით მიდის.
ლარსის გამშვებ პუნქტთან ფეხით მოსიარულეთა რიგებიც დგას. მესაზღვრეები მხოლოდ მედიასთან საუბარში იმართლებენ თავს და შექმნილ ვითარებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „კურიერს“ განუმარტეს, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.