17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-მა დაკითხვაზე დაიბარა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან - ზაზა სარალიძესთან ერთად, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს.

მაჩალიკაშვილმა უწყება ჩაიბარა, თუმცა, მას ხელი არ მოუწერია. მისი თქმით, უცნობია, თუ რატომ იბარებენ დაკითხვაზე. მაჩალიკაშვილი სუს-ში 12 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის არ მივიდა. 

ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ვახტანგ გომელაურის უწყებაში დაიბარეს. მასთან ერთად სუს-ში დაბარებული იყო მისი ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილიც.

მაჩალიკაშვილმა კურიერს განუცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "ბარდაგს" უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.

„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ  ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

დღის ამბები