აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ინტერვიუ კურიერს - ანარ ალექბეროვი, რომელიც ტენდერებს იგებდა, ამტკიცებს, რომ წილი მაღალჩინოსნებთან მიდიოდა და გაკოტრებამდე მიიყვანეს.
მან საქათველოში საქმიანობა 2014 წლიდან დაიწყო. ის სამშენებლო კომპანია კონვენტ ჯორჯიას მფლობელია.
ალექბეროვის კომპანიამ 2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცხადებული 2 238 600 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. მისი მტკიცებით, პრობლემები მალევე შეექმნა, რადგან ვეტერანთა სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა, ირაკლი შიხიაშვილმა და მოადგილემ ე.წ. ატკატის სახით, წილი მოსთხოვეს. ალექბეროვის თქმით, შიხიაშვილის წარმომადგენლებს ფული გადასცა.
კონვენტ ჯორჯიას, ტენდერის პირობების მიხედვით, ვეტერანთა დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიის ანგარიშზე, თავდაპირველად, მილიონ სამასი ათასი ლარი ჩარიცხეს, მიუხედავად ამისა, მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რადგან ირაკლი შიხიაშვილი, მოადგილესთან ერთად, მასზე სისტემატურად ზეწოლას ახდენდა და თანხას სძალავდა.
აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ქვეყანა 2 წლის წინ ისე დატოვა, რომ მშენებლობა არ დაუსრულებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფულით ჩატარებული სამუშაოები კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, უხარისხოდ იყო შესრულებული.
მაკონტროლებელი ორგანოსთვის დოკუმენტაციის შესწავლის დროს საეჭვო გახდა ამ კომპანიის საქმიანობაც. კონვეტ ჯორჯიას საბანკო გარანტია ერთ-ერთი აზერბაიჯანული ბანკიდან ჰქონდა, რომელიც იმ პერიოდში უკვე გაკოტრებული იყო.
ირაკლი შიხიაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანიას დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა. მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა.
ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელძღვანელი და მისი მოადგილე აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ბრალდებებს "აბსურდულს" უწოდებენ. აცხადებენ, რომ მათი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში კომპანიას ვალდებულებებს ასრულებდა, ხოლო რა მოხდა ახლი ხელმძღვანელობის პირობებში, ირაკლი შიხიაშვილმა არ იცის.
უწყებაში ადასტურებენ, რომ ახალ ხელმძღვანელობას კომპანიასთან პრობლემები ჰქონდა. მათი მტკიცებით, კონვენტ ჯორჯიამ ვალდებულებები არ შეასრულა, კომპანიის დამფუძნებელი კი ქვეყნიდან გაიქცა. მათი თქმით, შესრულებული სამუშაო უხარისხო იყო, რის გამოც, ვეტერანების საქმეთა სამსახურმა სასმართლოსაც მიმართა.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოცხადა, სახელმწიფო იძულებული გახდა, ერთი და იგვე შენობის რემონტისთვის ფული ორჯერ გადაეხადა. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ აზერბაიჯანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. თადუმაძის უწყება საქმეს უკვე 2 წელია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც იძიებს.