გოჩა ფაცურიას ბრალდებებს, რომელიც ზუგდიდის კომბინატის დასახლების პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხობენ.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაცურია სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
შსს უარყოფს სამართალდამცავების მხრიდან ფაცურიასთვის ფიზიკური ძალის გამოყენებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება და პრეტენზია არც იზოლატორში დაუფიქსირებია და არც მოსამართლესთან.
უწყებისვე განცხადებით, ფაცურიას იზოლატორში ყოფნის დროს სხეულზე სილურჯეები არ აღენიშნებოდა, გარდა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიყენებული დაზიანებისა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2019 წლის 23 აპრილს აწარმოებდნენ სამსახურებრივ შემოვლას, რა დროსაც ზუგდიდში, ხორავას ქუჩიდან შემოესმათ გინების და ხმამაღალი საუბრის ხმა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ფ. დახვდათ, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მის დამშვიდებას რამდენიმე პირი ცდილობდა. სამართალდამცავებმა გ.ფ. არაერთხელ მოუწოდეს დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ის არ დაემორჩილა, აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა და აგრძელებდა ყვირილსა და შეურაცხყოფას. ვინაიდან გ.ფ. ქმედება აშკარად შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს, სამართალდამცავებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გ.ფ.-ს დაკავების დროს შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ასახულია დაკავების ოქმშიც. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიყენებული იყო დაკავებამდე სამი დღით ადრე, დაკავებული იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შემოწმდა და დათვალიერდა ექიმის მიერ და მას სხეულზე გარდა აღნიშნულისა არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და იზოლატორში არანაირი სახის პრეტენზია არ განუცხადებია. პოლიციას გააჩნია როგორც გ.ფ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის და გამოსვლის კადრები. 24 აპრილს დაკავებულს არც სასამართლო პროცესზე გამოუხატავს პრეტენზია პოლიციის მიმართ. სასამართლომ გ.ფ. სამართალდამრღვევად ცნო და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გოჩა ფაცურია კი ზუგდიდის კომბინატის დასახლების პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს. მამაკაცი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებმა წყლით სავსე ბოთლით სცემეს. სილურჯეები და გემატომები ფაცურიას თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება.