რა პოლიტიკური გეგმები აქვს ”დაიცავი საქართველოს”- ვატო შაქარიშვილი და დავით მაღრაძე დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. მათი განმარტებით, ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობის შესახებ საზოგადოება ახლო მომავალში შეიტყობს. დავით მაღრაძე ”ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მოსამართლეების შერჩევის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
„ჩვენ გვაქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ მინდა ახალგაზრდების, ჩვენი თაობის ხელშეწყობა, იმისათვის რომ მათ გავუჩინოთ დაინტერესება პოლიტიკური პროცესში მონაწილეობისათვის. როგორც გითხარით, ეს მოძრაობაა და არა ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჩაკეტილი ორგანიზაცია. მოძრაობაა, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი წევრი. შემდგომ გეგმებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს საზოგადოებას გავაცნობთ“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერმა, დავით მაღრაძემ მოძრაობის კონცეფციის შესახებ ისაუბრა.
„პოლიტიკური გეგმები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვართ საზოგადოების ხალხი. ჩვენ შეიძლება რაღაც გავლენა გვქონდეს პოლიტიკაზე, ან ვერ გვქონდეს ან შევეცადოთ რომ გვქონდეს, მაგრამ თვითონ აქტიური პოლიტიკა თვითონ პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ტენდენციებს გამოვკვეთავთ, ვის დავუჭერთ მხარს, ვის არ დავუჭერთ. რა ტენდენციების ერთგულები დავრჩებით. თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების შენარჩუნება და განვითარებაა ჩემი მთავარი ამოცანა“ - აცხადებს დავით მაღრაძე.