დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და ვენახები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. საგანგებო მდგომარეობაა ათამდე სოფელში.
საკუთრი ძალებით მოსახლეობა სტიქიას მთელი ღამე ებრძოდა. ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის რაიონის 5 თემის 10-ზე მეტი სოფელი დააზარალა. მცხოვრებლებს დაუტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები. სტიქიის ზონაში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
მომხდარის მიზეზად მოსახლეობა გაუწმენდავ არხებს ასახელებს. ამბობენ, რომ ეს პრობლემა წლებია,არაერთი დაპირების მიუხედავად ისევ აქვთ.
მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად წყალი ჰერეთის კარში ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც პრობლემა ავტომობილების გადაადგილებასაც შეუქმნა.
სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებს ელექტროენერგიაც რამდენიმე საათით შეუწყდა, მერი ამბობს, რომ პირველადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლებში სტიქიის ზარალის დათვლა დაიწყება.
ავტორი: ია გულიაშვილი.