მკვეთრად დაცემული მედიცინის ხარისხი - ბოლო წლებში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ვარდნა სისტემურ პრობლემად იქცა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო მილიარდებს ხარჯავს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე და სხვა მიზნობრივ პროგრამებზე, მედიცინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად დაეცა.
ექიმი, რომლის შეცდომას გასული წლის შემოდგომაზე, 25 წლის ზუკა ფაღავა ემსხვერპლა, დღესაც აგრძელებს სამედიცინო პრაქტიკას. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მის ხელში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ორივე შემთხვევაში ექსპერტიზამ მკურნალობისას დაშვებული შეცდომა დააფიქსირა. ნიშანდობლივია, რომ სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტრაგედია მოხდა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მაღალჩინოსნის საკუთრებაა.
ექიმებიცა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ პრობლემის სათავე თავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, რომელმაც ბიუჯეტიდან იოლი ფულის მიღების სურვილი და კორუფციის მყარი ნიადაგი გააჩინა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარით იზრდება. ხარისხი რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ხელისუფლებაშიც აღიარებენ, თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ათასობით ადამიანი გადაარჩინა.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.