17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ფორმა - აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო „ ამირანის“ სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა 

პროტესტის უკიდურესი ფორმა - აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი სასტუმრო „ამირანის“  სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულია ამტკიცებს, რომ რადიკალურ ნაბიჯამდე ის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უსამართლო პოლიტიკამ მიიყვანა.

ფაჩულიას განცხადებით, ის წლებია ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. სასტუმრო „ამირანში“ მივიდა სასულიერო პირიც, რომელმაც  საბოლოოდ ვითარების განმუხტვა შეძლო.

„ჩვენი მთავრობისგან ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ ბინით! დავიღალე ამ ცხოვრებით! ან თავს მოვიკლავ, ან რაღაცით დამეხმარონ. მე ახლა ვიცი, თუ რაღაცას შემპირდებიან, ამის მერე დამიწყებენ თრევას აქეთ იქით. მათრიონ მერე... მთავარია, ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონდეს. მეტი არაფერი არ მინდა,“- განაცხადა ფაჩულიამ.

პროტესტის რადიკალური ფორმის შემდეგ, ირაკლი ფაჩულიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

„ჩვენ ახლა საუბარს გავაგრძელებთ სამინისტროში, ცივილიზებულად. ნამდვილად არ იყო ეს ფორმა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენთან კომუნიკაცია დამყარებულიყო. მისი მეუღლე არაერთხელ არის ჩვენთან ნამყოფი, ჩვენ ქირით უზრუნველვყოფთ ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, თავის  დროზე, როგორც ეს დადგენილი წესით და კანონით მიიღებენ ბინას,“- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დღის ამბები