17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს" - მაჩალიკაშვილების ადვოკატი

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის შენობა დატოვა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან სამართალდამცავებს კითხვები ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის მომზადებაში და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

ამის დასტურად კი უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მის ძმისშვილთან ერთად, გეგმავს ტერორისტულ აქტს, კონკრეტულად კი სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას.

უწყებაში აცხადებენ, რომ დღეს სწორედ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით უნდოდათ კითხვების დასმა მაჩალიკაშვილისთვის, რომელზეც ის არ მივიდა.

დაკითხვაზე იმყოფებოდა მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც აუდიოჩანაწერში ფიგურირებს.

ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული და მას მიეწოდა მწირი ინფორმაცია. ადვოკატის თქმით, არანაირი საფუძველი მორის მაჩალიკაშვილის დაკავების, არ არსებობს.

გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია ვისაუბრო საქმის მეტ დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმის, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ ძალიან ადრეა. მე არ მინახავს არ მომისმენია ჩანაწერები რომელზეც საუბრობთ. გაგრძელდება სავარაუდოდ მისი გამოკითხვა,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს.

„რაც შეეძლება მალხაზ  მაჩალიკაშვილის დაკითხვას, დღეს ფაქტია, რომ ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი მაგრამ მიუხედავად ამისა რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან გამომდინარე, რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. მას საშუალება არ აქვს ამისი, არ აქვს უფლება რომ მიიღოს მედიკამენტი. ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობის ვარაუდი რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი. ეს არის ძალიან ემოციური მისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლდათ თუ რატომ ჩვენ არ წარმოვადგინეთ იგი მოწმის სახით დღეს. თუმცაღა მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი შუამდგომლობა დავტოვეთ. იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა ეს მოხდეს,"-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.  

დღის ამბები