პანკისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მიმართ ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა, უნდობლობას უცხადებენ.
ხეობაში მიიჩნევენ, რომ აუდიო, რომელიც უწყებამ გაავრცელა, ფალსიფიცირებულია და რეალობასთან კავშირი არა აქვს.
ადგილობრივების თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ ტერაქტის დაგეგმვა სურდა, ის ასე ღიად მსგავს დიალოგს არ აწარმოებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანი, რომელიც წელიწადნახევარია, სამართალს ეძებს.
"თუ მაჩალიკაშვილი დაინტერესებულია, გაიგოს გოგაშვილის ბრალეულობა ამ საქმეში, იცის, მიჰყვეს და დაადგინოს. თუ სახელმწიფო არ აძლევს სამართალს, მაშინ კაცი ცდილობს, რომ თვითონ მოიპოვოს ეს სამართალი. ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ ამ ქვეყნისა. ის ურჩევია ასეთი რამეების გამოქვეყნებას სუს-ის ხელმძღვანელს, რომ ბოდიში მოიხადოს მაჩალიკაშვილის წინაშე. ბოდიში რომ მოეხადა და ეღიარებინა შეცდომა, როგორც ეს მოხდა 21 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, მოიხადა ბოდიში, არ იქნებოდა პრობლემა და დამშვიდდებოდა ეს ოჯახიც. ძალოვანი სტრუქტურების მცდელობაა ეს, რომ გააჩუმონ ან დააშინონ კაცი, რომელიც წელიწადნახევარია ეძებს სამართალს. მე ვიცნობ მალხაზს, ის ჩემი ახლობელიცაა და ასეთი რამის ჩამდენი ის არ არის,"- აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმიშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.