სამგორის რაიონში თვალჭრელიძის 2 ნომერში 2-სართულიან შენობაში 10 ჯარისკაცის ოჯახი ცხოვრობს. უსახსრობის გამო, ომის ვეტერანი და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები 2013 წელს შენობაში შესახლდნენ. ამბობენ, რომ 5 წლის წინ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ქუჩაში დარჩნენ, თავდაცვის სამინისტროს უთხრეს, რომ შესახლებას აქ აპირებდნენ. სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღეს.
იქ მცხოვრებლებმა 2015 წელს გაიგეს, რომ შენობა კერძო კომპანიაზე გაიყიდა. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ დავა წააგეს. ახლა კი მათთან აღსრულების ეროვნული ბიუროდან მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ გამოსახლებისთვის მზად იყვნენ.
ომგამოვლილმა ჯარისკაცებმა ტერიტორია მაისის ბოლომდე უნდა დაცალონ. სახლში, რომელიც საკუთრი ხელით გაარემონტა, ვეღარ დაბრუნდება დიმიტრი ბალამწარაშვილი, რომელიც ახლა ქვეყნის ინტერესების დასაცავად ავღანეთში იბრძვის.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი, ვეტერანების მიერ ტერიტორიის თვითნებურად დაკავების დროს შენობა რომელიმე სახელმწიფო უწყების საკუთრებაში არ ყოფილა და ის 2008 წლიდან კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის.