დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი მეუღლის მიერ წარდგენილ მძიმე ბრალდებაზე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
დავით ბაგრატიონს ხუთი საათი დასჭირდა გამომძიებლებისთვის იმის ასახსნელად, რომ მისი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინება ფორმალური იყო, სამეფო ოჯახი მხოლოდ მემკვიდრისთვის შეიქმნა, ანა არასდროს უცემია და ძალადობის შესახებ ინფორმაცია დედოფლის გამოგონილია.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ანა ბაგრატიონის მსგავსად, კამერების წინ დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალისტების წინაშე ყოფილი ცოლის ბრალდებებზე თავის მართლება მას არ უცდია. ბაგრატიონის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ მთელი ამ კამპანიის მიზანი დავით ბაგრატიონის დისკრედიტაცია.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების ობიექტის მთავარი დასაყრდენი საქმის ხანდაზმულობის ვადაა. გამოძიება 5 წლის წინ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ბრალს ვეღარ წარუდგენენ. საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, დავით ბაგრატიონ მუხრანელს ყოფილი ცოლის ბრალდების მიუხედავად, სასჯელი არ ემუქრება.