ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 4 თვიანი უწყვეტი ვარდნის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ ისტორიულ ანტირეკორდს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 ამერიკული დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2 ლარად 74 თეთრად არის შესაძლებელი.
ლარი დოლართან მიმართებაში მხოლოდ 1 დღეში თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2 ლარი და 77 თეთრია. ლარის ანტირეკორდს სპეციალისტების ვარაუდით, რამდენიმე მიზეზი აქვს - მათ შორის მთავარი პოლიტიკურ რყევები და ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლარის ვარდნას ხელს ეროვნული ბანკი უწყობს, რომელიც ბაზარზე დოლარს სავალუტო რეზერვებისთვის ყიდულობს. რესპუბლიკა ბანკის ყოფილი მფლობელი და ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BMG-სთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ ლარის ხელოვნური გაუფასურება ხდება და რომ არა ჩარევა, ერთი დოლარი დღეს ორი ლარი 55 თეთრი, ანუ დაახლოებით 20 თეთრი ნაკლები ეღირება.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში მთავრობის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ლარის მოქმედი კურსი თავისუფალ რეჟიმში ფორმირდება და ქვეყნის ეკონომიკის ტემპი მასზე გავლენას არ ახდენს.