ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა მარნეულში - 19 მაისის არჩევნების წინ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კვლავ გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამჯერად სახელისუფლებო კანდიდატთან მასწავლებლების შეხვედრის ორგანიზებასა და სკოლებში საჩუქრების დარიგებაზეა საუბარი. მარნეულის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელი, აზად ქარიმოვი საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ეგონათ, ამიტომ ივანიშვილის პარტიის მერობის კანდიდატთან, ზაურ დარგალთან შეხვედრაზე ორგანიზებულად მიიყვანეს.
ზაურ დარგალთან შესახვედრად მარნეულში არა მარტო ამ მუნიციპალიტეტის, არამედ გარდაბნისა და ბოლნისის სოფლების მასწავლებლები სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით ჩაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან შუალედური არჩევნები მარნეულში ტარდება. მასწავლებლები დარგალთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებშიც ჩანან.
ოპოზიციის მტკიცებით, მარნეულში მასწავლებლები რესურს ცენტრის დავალებით იყვნენ ჩაყვანილი. ამ ბრალდებას ქანან ომაროვი უარყოფს. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პედაგოგებს, როგორც ამომრჩევლებს, სამუშაო საათების შემდეგ, ნებისმიერ შეხვედრაზე შეუძლიათ მისვლა.
ოპოზიციის მერობის კანდიდატები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების გარდა, არათანაბარ პირობებზეც საუბრობენ.ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამ გზით ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტებიც.
ზაურ დარგალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, ოპოზიციას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ არ სჭირდება მოსახლეობის მოსყიდვა, რადგან ისედაც გაიმარჯვებს.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.