ბათუმში "უკვდავი პოლკის" წევრებს ქალაქში თავისუფლად მარშირების საშუალება ოპოზიციამ და ანტისაოკუპაციოდ განწყობილმა მოქალაქეებმა არ მისცეს. ისინი საპროტესტო შეძახილებით პოლკის წევრებს ჟიული შარტავას მემორიალთან დახვდნენ და გმირთა ხეივნისკენ გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირებისას პოლკსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის უკვე პოლიცია ჩადგა, რომელიც ბათუმში დილიდან საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. "უკვდავი პოლკის" წევრების ნაწილს თან ჰქონდა კანონით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკაც.
„მარაზმი და სირცხვილია, რომ 9 აპრილის მემორიალთან და შარტავას მემორიალთან ოკუპანტები, ეს მკვლელები მიდიან და ვითომ პატივს მიაგებენ. არ მივუშვებთ. წესით არავინ არ უნდა მიუშვას და მთელი ბათუმი აქ უნდა იყოს. აქ არის ზახაროვა, ვითომ ამათი ხელმძღვანელი. ეს არის მეხუთე კოლონა. ესენი არიან საქართველოს გამყიდველები და მოღალატეები,"-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ადამიამ.