ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო სახსრების გამოყენება - შუალედური არჩევნების წინ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.
საია-ს იურისტები ხმების ყიდვის მცდელობად აფასებენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, რომ ის სამეგრელოს რამდენიმე სოფელს ინფრასტრუქტურულ პრობლემას გადაუჭრის. ასევე ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ფიქსირდება საბიუჯეტო რესურსის გამოყენების შემთხვევებიც. ანგარიშში მოხვდა დარღვევების სხვა შემთხვევებიც.
„ქართული ოცნების“ შემთხვევაში მისი თავმჯდომარის მხრიდან ორჯერ იყო გაჟღერებული სხვა და სხვა დროს დაპირება გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „გირჩის“ შემთხვევას, „გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდაზე გასცა დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მთაწმინდის ამომრჩევლები საკუთარ მისამართზე დაარეგისტრირებდნენ აგრეთვე სხვა ამომრჩევლებს, „გირჩის კანდიდატი დაპირდა მათ კომუნალური გადასახადების გადახდას,“- აცხადებს საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის იურისტი რატი თინიკაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენი დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, მოაგვაროს ხიბულაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, დღეს კი "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის თანხებს შეუზღუდავად გამოყოფს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი