"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშში, სადაც კვლევის დიდი ნაწილი სახელისუფლებო პარტიის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას და საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას ეხება, „გირჩის“ ინიციატივაც მოხვდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „გირჩის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ამომრჩეველთა რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევას.
საუბარია პოლიტიკური პლატფორმის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, „გირჩის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს შუალედური არჩევნების წინ მთაწმინდაზე ერთი კონკრეტული პირის საცხოვრებელ მისამართზე ჩაწერილიყვნენ.
„გირჩის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე ჰერმან საბო ამბობს, რომ მათ ამომრჩევლის მოსყიდვა არ უცდიათ და მხოლოდ ის თქვეს, რომ თუ იმ პირის კომუნალური ხარჯები გაიზრდებოდა, ვის მისამართზეც გირჩის მხარდამჭერები გადაეწერნენ ამ ხარჯებს დაფარავდნენ.
„ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მაჟორიტარული სისტემის მანკიერება. ამ შემთხვევაში ამ არჩევნების დახმარებით და ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვდით გადაწერას მთაწმინდაზე, ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ბინაში და ამ ადამიანს ვუთხარით, რომ თუ იმდენი ადამიანი გადმოეწერება, რომ შეიძლება ბევრი მოგივიდეს კომუნალური, წყლის გადასახადი, რაც არ შეიკრიბება იმას დაგეხმარებით, იმას, ასე ვთქვათ, დავფარავთ. ანუ გამოდის, რომ ერთი ამომრჩევლის მოსყიდვას გვედავება „საია“ მთაწმინდაზე,“- ამბობს ჰერმან საბო.
ავტორი:ნინო გაზდელიანი