გლობალური გამოწვევები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში, მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული სტანდარტი და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვა - აღნიშნულ თემებზე თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გახსნეს.
„ჩვენმა მთავრობამ დიდი ძალისხმევა და ინვესტიცია გაიღო, რომ საქართველო იქცეს რეგიონის ცენტრად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მრავალმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს, თუმცა პირადი მონაცემების დაცვის საკითხზე კონფერენცია ჩვენთან პირველად ტარდება. ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გაუმჯობესდეს ქვეყანაში, მათ შორის, პირადი მონაცემების დაცვის უფლების კუთხითაც,“- განაცხადა ბახტაძემ.