მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 100-ზე მეტი ძროხა დაიხოცა. დაცემული პირუტყვი პატრონმა საძოვარზე ნახა. დანაგრანოვებმა ძროხები დილით რწყილის საწინააღმდეგო წამლით დაამუშავეს, რამდენიმე საათში კი პირუტყვი დაიხოცა. ადგილზე ამ დროს მხოლოდ მწყემსი იმყოფებოდა.
პირუტყვის დახოცვის სავარაუდო მიზეზად რწყილის საწინააღმდეგო მედიკამენტით მოწამვლა სახელდება, თუმცა საბოლოო პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც დახოცილ პირუტყვს უკვე ჩაუტარდა. 15 ძროხის გადარჩენა ადგილობრივმა ვეტერინარმა შეძლო.
დახოცილი პირუტყვი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. დანაგრანოვები ამბობენ, რომ შინაური ცხოველი ბანკის ვალით შეიძინეს, ამიტომ ახლა სერიოზული ფინანსური პრობლემები ელოდებათ. სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს.
იგივე მედიკამენტით, რომელსაც მოსახლეობა სოფლის ვეტაფთიაქში ყიდულობს, ცხოველები რამდენიმე კვირის წინაც მოიწამლნენ, თუმცა ამის მიუხედავად, პრეპარატის ვარგისიანობა არავის შეუმოწმებია და წამალი გაყიდვიდან არ ამოუღიათ.
ადგილზე ჩავიდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი. ზარალის დათვლის შემდეგ შესაძლოა, ოჯახს დახმარება გაუწიონ.
ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი